ჯუანშერ ბურჭულაძე - ვულოცავ კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენს ჯარს, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა
ჯუანშერ ბურჭულაძე - ვულოცავ კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენს ჯარს, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს წლიური საქმიანობის შეჯამებისას სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მიულოცა.

მინისტრმა კანდიდატობის სტატუსის მიღების მიზნით გაწეულ სამუშაოსა და განხორციელებული რეფორმების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და თავდაცვის ძალების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, მივულოცო ჩვენს ხალხს დიდი წარმატება, მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღებისა და, ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა და მომავალშიც ასე იქნება. ძალიან დიდი სამუშაო გასწია პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ სრული შემადგენლობით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე არა თუ ჩამოვრჩით რომელიმე ქვეყანას, არამედ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, „მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა, რომლის მმართველობა ქვეყანაში ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი აღმოჩნდა“.