კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი ტურისტის ძებნას მაშველები ხვალ განაახლებენ
კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტის სამძებრო სამუშაოები ხილვადობის გაუარესების გამო შეწყდა. სამაშველო ჯგუფები სამძებრო სამუშაოებს ხვალ, დილიდან განაახლებენ.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსი ვაკო დუნდუა აცხადებს, რომ ძალიან დიდი ზვავი იყო და სამუშაოები გართულდა. მისივე თქმით, ხვალისთვის შესაძლოა, სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.
„უკვე შეწყდა სამაშველო ოპერაცია, ვინაიდან ღამეა, ხილვადობა არ არის. ხვალ უნდა ვეძებოთ ალბათ უკვე ცხედარი. გამთენიისას სამაშველო სამსახური გავა და განაგრძობენ სამუშაოებს“, – აცხადებს ვაკო დუნდუა.
კობი-გუდაურის გზაზე ზვავი დღეს, დაახლოებით პირველი საათისთვის ჩამოწვა. ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც სავარაუდოდ ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. ზვავმა ერთი ტურისტი მოიყოლა, ხოლო დანარჩენები გადარჩნენ.