კობა ნაყოფია - „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ერთადერთი პარტიაა, რომელიც ვიღაცის თანხას არ არის ჩამოკიდებული, ეს არის იდეური, ევროპული სტანდარტების პარტია
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ერთადერთია, რომელიც ვიღაცის თანხას არ არის ჩამოკიდებული, ეს არის იდეური, ევროპული სტანდარტების პარტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, – „გადანაწილდა თუ არა ფინანსები არჩევნებთან დაკავშირებით?“
„არანაირი თანხები არსად არ გადანაწილებულა. თქვენ ეძებთ რაღაც თანხებს, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ იყო და ეს არარსებულია. „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ერთადერთი პარტიაა, რომელიც ვიღაცის თანხას არაა ჩამოკიდებული. ეს არის იდეური, ევროპული სტანდარტების პარტია“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ნაყოფიამ ასევე კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თანამდებობიდან გადაყენება უნდოდა“.
„პეტრე ცისკარიშვილის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება არ მომხდარა. ის იკავებს იმ თანამდებობას, რა თანამდებობაზეც იყო, ისევე როგორც ყველა მდივანი. თავმჯდომარეობის კანდიდატები, ისევე როგორც ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია, გიორგი მუმლაძეც, ალბათ ხალხს შეხვდებიან. ხალხთან შეხვედრების გარეშე არჩევნები არ ჩატარებულა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, პარტიის გუშინდელი პოლიტსაბჭოს სხდომაზე თუ ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს და როგორი იყო მისი პოზიცია არჩევნების იანვარში ჩატარებასთან დაკავშირებით, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას „ყოველგვარი მოსაზრების გარეშე მოუსმინა“.
„დიახ, მიხეილ სააკაშვილთან პარტიის არჩევნებზე საუბარი იყო. მან მხოლოდ მოისმინა. რა თქმა უნდა, მე ვესაუბრე, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჩემი მხრიდან, ჩემი მოსაზრება ვუთხარი, მომისმინა ყოველგვარი მოსაზრების გარეშე“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.