ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პეტრე ცისკარიშვილის თანამდებობიდან გადაყენება უნდოდა 
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პეტრე ცისკარიშვილის თანამდებობიდან გადაყენება უნდოდა 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თანამდებობიდან გადაყენება უნდოდა.

ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელიამ ნახა, რომ მას მხარდაჭერა არ ექნებოდა.

„ნიკას სურდა გენერალური მდივნის გადაყენება. ნახა, რომ არ ექნებოდა მხარდაჭერა. ცხადია, ეს საკითხი არც კი დამდგარა პოლიტსაბჭოზე. თავმჯდომარე თავად არის და თუ ვინმეს ბუღალტერიასთან, ფინანსებთან დაკავშირებით კითხვები უნდა ჰქონდეს, ეს თავად თავმჯდომარეა. თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ არაფრის საქმის კურსში არ არის, ასპინძაში, ხაშურში ნამყოფი არ არის, ოზურგეთში სამ წელიწადში ერთხელ ჩავა, ეს არის პრობლემა და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნიკა მელიამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს.

„პირდაპირ გეუბნებით, მე „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვს და ცხადია, ვიქნები ამ პარტიაში“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.