კობა ნაყოფია - არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამია დააკავონ, რასაც საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს
არ არის გამორიცხული, რომ ნიკა გვარამია დააკავონ, რასაც საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
„ნინო ნიჟარაძეს, რომელიც ნიკა გვარამიას „რუსთავი2“-ის განზრახ დაზარალებას ედავება, თავად არ გასჩენია არასდროს პროტესტი და არ გაუსაჩივრებია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც ტელევიზიის მფლობელები შეიცვალნენ და მათ შორის შეიცვალა ადამიანი, ვინც დღეს ჩივის.
ნიჟარაძეს არც სტრასბურგის სასამართლოში უჩივის, არც სტრასბურგის ბოლო გადაწყვეტილების მერე გაუკეთებია კომენტარი. ამ ადამიანმა დაკარგა ყველაფერი, პროტესტი და კითხვები არ აქვს. კითხვები აქვს მარტო ნიკა გვარამიასთან. ეს არის ჩვეულებრივი დაკვეთა და დევნა ნიკა გვარამიასი, მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო და პირდაპირ უკავშირდება გვარამიას მიერ ახალი არხის შექმნის დაანონსებას. არ არის გამორიცხული, რომ გვარამია დააკავონ, რასაც საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით იკითხება.
საქმე ეხება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გვარამიას მიერ კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იგეგმება ასევე „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღება.