კობა კობალაძე თამარ ალანიას მიმართავს - მუხროვანის ამბოხის საქმესთან დაკავშირებით თქვენი პასუხი იმდენად მიუღებელია, სჯობს, დადუმდეთ
კობა კობალაძე თამარ ალანიას მიმართავს - მუხროვანის ამბოხის საქმესთან დაკავშირებით თქვენი პასუხი იმდენად მიუღებელია, სჯობს, დადუმდეთ

მუხროვანის ამბოხის საქმესთან დაკავშირებით თქვენი პასუხი იმდენად მიუღებელია, სჯობს, დადუმდეთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა კობალაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას პარლამენტში.

როგორც კობა კობალაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომელიც საქმესთან დაკავშირებით თამარ ალანიამ მიიღო, საზოგადოებაში ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია.

„ფაქტია, რომ თქვენი დამოუკიდებლობაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. გარდა ამისა, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დამნაშავედ ცნობილი პირები პოლიტპატიმრებად ცნეს და სრულიად ქართულმა საზოგადოებამ, რომლის რწმუნებულებით აღჭურვილი შემადგენლობა აქ პარლამენტში ვსხედვართ და თქვენ ითხოვთ ჩვენგან ნდობას, ამ საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს პირები ემსხვერპლნენ კონკრეტული რეჟიმის უსამართლობას და კონკრეტულ პირთა პოლიტიკურ დაკვეთას. აქ, არ არის საუბარი კობა კობალაძეზე და ა.შ. იქ იყვნენ უბრალო ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკური დაკვეთის მსხვერპლის სრული ზეწოლა განიცადეს.

მაინტერესებს, ყოველივე ამის შემდგომ იზიარებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სრულიად უდანაშაულო ხალხი გაიმეტეთ იმდროინდელი ციხის რეჟიმისთვის. ის, რომ განაჩენი იყო უსამართლო, ეს დღეს ნამდვილად არ არის შეფასების საგანი, ეს არის ფაქტი. ამის შემდგომ, იმ პერიოდში საკუთარ თავთან არ გაგიჩნდათ კითხვა, უნდა გააგრძელოთ თუ არა მოსამართლის მანტიის ტარება?! სად არის აქ ადამიანების მიმართ სასიკეთო გადაწყვეტილება გამოტანილი და სად არის თქვენი ზეკანონიერი სიახლოვე სამართალთან?!“, – მიმართა კობალაძემ ალანიას.

თავის მხრივ, მოსამართლეობის კანდიდატმა დეპუტატს უპასუხა:

„პირველ რიგში, ალბათ, პროცესის ზეგამჭვირვალობის მაგალითია, როდესაც მოქმედ მოსამართლეს ყოფილი ბრალდებული უსვამს კითხვას კონკრეტულ საქმესთან მიმართებით. ახლა რაც არ უნდა გრძნობა გამიჩნდეს, რომ თქვენ პასუხი აუცილებლად უნდა გაგცეთ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ მიერ მოხმობილი მტკიცებულებებიც წინააღმდეგობაში მოდის იმ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, მე ამაზე პასუხს არ გაგცემთ“, – განაცხადა ალანიამ.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კობა კობალაძემ განაცხადა:

„კანონიდან გამომდინარე აბსოლუტურად უკანონო სივრცეზე გესაუბრებით, საიდანაც დადგა განაჩენი, რომელმაც განსაზღვრა გარკვეულად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, გმირებისა და მათი ოჯახების ბედ-იღბალი, განსაზღვრა საზოგადოების უკმაყოფილების უდიდესი ტალღა და ა.შ. მე სრულიად მაქვს უფლება, რაც გარკვეულწილად ეფუძნება იმას, რომ ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც აქვს იმის განცდა, რომ ჩვენი სამართალი დაადგინოს უვადოდ. მე თქვენს პირად სივრცეს არ ვეხები, ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ. მე თქვენი პასუხისმგებლობის ქონის პროცენტი მაინტერესებს იმ პროცესში რაც იყო“, – აღნიშნა კობა კობალაძემ.

როგორც თამარ ალანიამ განაცხადა, „არსებობს პრინციპი, რომელსაც ვერ გადაუხვევს ვერც ერთი მოსამართლე, რაც არ უნდა გმირი იდგეს ჩვენს წინაშე, თუ მან დანაშაული ჩაიდინა, მან უნდა აგოს პასუხი“.

კობა კობალაძემ თამარ ალანიას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მას აინტერესებს თამარ ალანიას დამოკიდებულება და მისეული ხედვა საქმისადმი.

„რა თქმა უნდა, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ არა მარტო გმირზე, უბრალოდ ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც ვიღაცამ განაჩენი გამოუტანა, რომ უნდა იყოს რაღაც უნიჭოდ დადგმული სცენარის კონკრეტული რიგითი მსახიობი, ეს მსახიობი ცდილობს, საუბრობს და არსებითი მტკიცებულება და მიმდინარეობა რეალურად განსაზღვრავს იმას, რომ ეს აბსოლუტურად მოწვეული სტუმარია. დიდი პატივი მქონდა ალბათ, რომ ცხრა თვის განმავლობაში ამ პროცესს უშუალოდ თანამონაწილედ ვესწრებოდი. სტრასბურგის სასამართლოზეც მოთხოვნის მიუხედავად არ დავიწყე სამართლებრივი დავა, რადგან განსაზღვრა იქ ისეთი იყო, რომ გენერალი კობალაძე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე უბრალოდ არ მივეცი ჩემს თავს უფლება, ჩემს შვილებს არ დავუტოვე ის, რომ მათი მშობელი და სამხედრო უმაღლესი წოდების მატარებელი ქვეყანას ედავებოდა სხვაგან. მეტი არაფერი, თორემ დანარჩენი, თქვენ როგორც არ უნდა ისაუბროთ, მე მაინტერესებდა ამ საკითხის თქვენეული ხედვა. ის კი არა – გაიარა კონვეირმა, დაარტყით და გამოუტანეთ განაჩენი. მე თქვენი განცდა მაინტერესებს, როგორც ადამიანისა, რომელსაც აქვს სურვილი და ამბიცია, რომ ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავლის უვადოდ განმსაზღვრელი იყოს. მესმის, რომ თქვენ ამაზე პრინციპში შეიძლება გაქვთ პასუხი, მაგრამ ეს პასუხი იმდენად მიუღებელია, რომ ჯობია, დადუმდეთ“, – განაცხადა კობალაძემ.