კობა კობალაძე - სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი, არავის ნებასურვილის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება
კობა კობალაძე - სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი, არავის ნებასურვილის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება

სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი და არც არავის ნებასურვილის ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება, – ამის შესახებ 24 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ძალადობის მუხლით ბრალდებული ერთ-ერთი პირის მამა, დეპუტატი კობა კობალაძე აცხადებს.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მოლოდინი, რომ მის შვილს პატიმრობას შეუფარდებდნენ, კობალაძემ აღნიშნა:„არ ვარ კოსმიურ ენერგიასთან კავშირში, რომ წინასწარ რაღაცები ვიცოდე“.

მისივე თქმით, არის კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული ქმედება და ამ საკითხს სასამართლოს მიანდობს.

„ვერ გადავერთვები იურისპრუდენციაში, ეს არ არის ჩემი პროფესია, ჩვენ ვსარგებლობთ პროფესიონალი იურისტის მომსახურებით. რაც შეეხება ჩემს, როგორც მშობლის პოზიციას, საკმაოდ პასუხისმგებლობით ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ასე მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრიც. თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე -სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი და არც არავის ნებასურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება“, – განაცხადა კობალაძემ.

24 ივნისს მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ექვს პირს დღეს პატიმრობა შეეფარდა.

რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, გამოძიების ინფორმაციით, საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩაზე გიორგი ენდელაძეს შურისძიების მოტივით თავს დაესხა ექვსი პირი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მათგან ორმა – ბასრი საგნით.

ამ ორ პირს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარედგინათ, ხოლო საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, დეპუტატ კობა კობალაძის შვილს და კიდევ ერთ პირს ძალადობის მუხლით. ასევე, კიდევ ერთ პირს გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს. ძებნა გამოცხადდა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ პირზე.