კობა კობალაძე - გია ცერცვაძის დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის მაღალჩინოსნები, ის სამხედრო პატივით დაიკრძალა
გია ცერცვაძის დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის მაღალჩინოსნები, ის სამხედრო პატივით დაიკრძალა, – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კობა კობალაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს მშობლიური მიწას მიაბარეს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე! ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და მეგობრებს! სამარადისო დიდება გმირებს!
სამწუხაროდ, გია ცერცვაძის გარდაცვალებამ ვერ ჩაიარა პოლიტიკური წიაღსვლების გარეშე.
ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტიული ტელევიზიის ქმედება ყველანაირ ზღვარს გასცდა. ყოფილი სამხედროების პოლიტიკაში ჩართვის მცდელობები მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და დღეს ისინი გარდაცვლილი ვიცე-პოლკოვნიკის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ცდილობენ. ამის მკაფიო მაგალითია გია ცერცვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებული სპეკულაციები. ქართული სახელმწიფო აფასებს ამ ღირსეული მებრძოლის ღვაწლს და თავდადებას ქვეყნის წინაშე, თუმცა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დასაკრძალ პირთა შესახებ კრიტერიუმები თავდაცვის სამინისტროს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული. 1. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს ან გარდაიცვალა ამ მოქმედების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო; 2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაიღუპა „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას ან გარდაიცვალა ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო; შესაბამისად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ ხდება იმ პირების დაკრძალვა, რომლებიც არ დაღუპულან სამხედრო მოქმედებების შედეგად, მიუხედავად მათი წარსული, დიდი დამსახურებისა ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება კიდევ ერთ სიცრუეს რომელსაც ასევე ურცხვად ტირაჟირებს ნაცპარტია და მათი ტელევიზია, შეეხება ბრალდებას თითქოს დაკრძალვაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები არ ყოფილან. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი, მიზანმიმართული მცდელობა. დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის მაღალჩინოსნები, თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი. გია ცერცვაძე სამხედრო პატივით (საპატიო ყარაული და ორკესტრი) დაიკრძალა. გია ცერცვაძის სამუშაო გამოცდილება უკავშირდება მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, შესაბამისად დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ასევე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები. ნაციონალური მოძრაობის მცდელობა – მოახდინონ საზოგადოების დეზინფორმირება, არის ამორალური, ჩვენი გმირების შეურაცხყოფა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა“, – წერს კობა კობალაძე „ფეისბუქში“.