კობა კობალაძე - ჩემი შვილი თავისი ინიციატივით ჩაბარდა, სიმართლე გაირკვევა
24 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ძალადობის მუხლით ბრალდებული ერთ-ერთი პირის მამა, დეპუტატი კობა კობალაძე აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციაში თავად გამოცხადდა.
მისივე თქმით, სიმართლე სასამართლოზე გაირკვევა.
„ჩემი შვილი თავად გამოცხადდა, თავისი ინიციატივით. არის საქმის სამართლებრივი მიმდინარეობა, საქმის ადვოკატი არსებობს. სამართლებრივ ნიუანსებში ჩახედული არ ვარ. ვსარგებლობთ პროფესიონალი იურისტის მომსახურებით.
მიუხედავად იმისა, ვინმეს სურვილი აქვს, როდესმე რამეს აფარებდა, ვინ რას აკეთებდა, არ მაინტერსებს, ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ისე აწყობილი, რომ სამართალს სიმართლე არ დავაძახო და ვიღაცის გულისტკივილით განცდები არ მქონდეს.
სიმართლე გაირკვევა. ჩემი შვილის ბრალი არ არის ის, რომ კობალაძის შვილია, არც ჩემი ბრალია, რომ შვილები მყავს, დანარჩენი, სამართალს მივხედოთ. სიმართლე რაც არის, სასამართლოზე გაირკვევა. ინფორმაცია გამოვიდა მაშინ, როცა კონკრეტული ქმედებები იყო, ბავშვმა სურვილი გამოხატა, მივიდა და ჩაბარდა“, – განაცხადა კობალაძემ.
კითხვაზე, „თქვენი შვილისგან ამბავი იცოდით?“, – კობალაძე ასე პასუხობს: „თქვენმა მშობელმა ყველაფერი იცის, რაც თქვენს გარშემო ხდება? ყოჩაღ, მას“.
24 ივნისს მომხდარი ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე პროკურატურამ ექვს პირს წარუდგინა ბრალი.
მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარის ცნობით, ისინი დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებით მიმართავენ სასამართლოს.
რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, გამოძიების ინფორმაციით, საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩაზე გ.ე.-ს შურისძიების მოტივით თავს დაესხა ექვსი პირი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მათგან ორმა – ბასრი საგნით.
ამ ორ პირს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარედგინათ, ხოლო საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, დეპუტატ კობა კობალაძის შვილს და კიდევ ერთ პირს ძალადობის მუხლით. ასევე, კიდევ ერთ პირს გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს. ძებნა გამოცხადდა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ პირზე.