კობა გვენეტაძე - ვფიქრობთ, საკრედიტო-საგარანტიო სქემა წარმატებული უნდა იყოს
კრიტერიუმები შემუშავებულია და ვფიქრობთ, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა წარმატებული უნდა იყოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემას სახელმწიფო ბიუჯეტი ადრეც ითვალისწინებდა.
„პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა ამით სარგებლობის დიდი აუცილებლობა არ ყოფილა, რადგან რესურსების მიწოდებაში არ არსებობდა პრობლემა, სესხებით ზრდა და მოთხოვნაც კარგი იყო. დღეს სხვაგვარი ვითარებაა, რადგან რისკები გაზრდილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ინსტრუმენტს ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ინსტრუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ ექსპერტებთან ერთად დამუშავდა, რომელთაც კარგი გამოცდილება აქვთ.
„პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 330 მილიონამდე, 300 მილიონი ბანკების გავლით, ხოლო 30 მილიონი საფინანსო ორგანიზაციების გავლით იქნება ათვისებული. ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ბიზნესები, რომელთაც დღეს პანდემიის გამო სირთულეები აქვთ, მაგრამ გადახდისუნარიანები არიან და როცა ეს პერიოდი გაივლის, გააგრძელებენ მუშაობას. ზუსტად იმიტომ ხდება, რომ მათი მუშაობა არ შეფერხდეს და კარგად გადაიტანონ ახლა არსებული სირთულეები“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.