კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკს“ შეეძლო, რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო, ასე არ მოხდა და საკითხის გადაჭრა ეროვნულ ბანკს პირდაპირი ქმედებებით მოუწია
კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკს“ შეეძლო, რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო, ასე არ მოხდა და საკითხის გადაჭრა ეროვნულ ბანკს პირდაპირი ქმედებებით მოუწია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საზედამხედველო ჩარჩო ხანდაზმულობით შეზღუდული არ არის, ანალოგიურ რეაგირებას მოვახდენდით ნებისმიერი პერიოდის შესახებ ინფორმაციაზე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საკითხზე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტრანზაქციების შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი გახდა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე,  რომელიც სთხოვდა ეროვნულ ბანკს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეესწავლა და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის 2012 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგისთვის არ გაგზავნის საკითხი.

„ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირებას გვავალდებულებს კანონი, საერთაშორისო პრაქტიკა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენი პოლიტიკა-პროცედურები“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო შეზღუდული არ არის ხანდაზმულობით და მას ანალოგიური რეაგირება უნდა მოეხდინა ნებისმიერი პერიოდის შესახებ ინფორმაციაზე, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი, მიეღო სათანადო ზომები. „მით უფრო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დარღვევის ჩამდენი პირები კვლავ ბანკის მოქმედი და დომინანტური გავლენის მქონე ადმინისტრატორები იყვნენ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მან საქმის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეები ხშირად საუბრობენ დოკუმენტაციის შენახვის ექვს წლიან ვადაზე, რაც არასწორია.

„ჯერ ერთი – დოკუმენტაციის შენახვის ექვს წლიანი ვადა აითვლება საქმიანი ურთიერთობის დამთავრებიდან, ანუ ანგარიშის დახურვიდან, რაც, ამ შემთხვევაში, არა 2008 წელი, არამედ 2017 წელია, რადგანაც ვალის მონაცვლე კომპანიამ „თიბისი ბანკში“ ანგარიში 2017 წელს დახურა. მეორე – კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომერციული ბანკი ვალდებულია, კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2008 წლიდან ვითვლით 15 წელს, რაც 2023 წელს გვაძლევს, ახლა კი, 2019 წელია“, – განაცხადა მან.

ამასთან, მისი შეფასებით, „თიბისი ბანკს“ არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო, როგორც „თიბისი ბანკის“, ისე ფინანსური სექტორისთვის და შესაბამისად, ეროვნული ბანკის ინტერესებშიც შედიოდა პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში და ხმაურის გარეშე წარმართვა.

„სწორედ ამიტომ, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა, ემსჯელა აღნიშნულ ტრანზაქციებზე და სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ დამფუძნებელი აქციონერების მიერ არაპროპორციული ზეგავლენის გამო, ეს ასე არ მოხდა და საკითხის გადაჭრა ეროვნულ ბანკს პირდაპირი ქმედებებით მოუწია. უფრო მეტიც, ეროვნული ბანკის მცდელობა, მოეძებნა სიტუაციიდან გამოსვლის ყველაზე რაციონალური და მისაღები ფორმა, „შანტაჟად“ იქნა შერაცხული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტის სესიაზე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საკითხის მოხსენებისას.