კობა გვენეტაძე - სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველო მომზადებული შეხვდა შოკს
კობა გვენეტაძე - სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველო მომზადებული შეხვდა შოკს

სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველო მომზადებული შეხვდა შოკს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, შეეხო თუ არა კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული „ლოქდაუნი“ ხელისუფლების ფისკალურ პოზიციას, და რა ზეგავლენა იქონია ამან ეროვნულ ბანკზე, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა პანდემიის შოკს გამართული ეკონომიკით შეხვდა.

გვენეტაძის განმარტებით, სწორედ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, პროგრამის ფარგლებში, გაზრდილი დახმარება მიიღო.

„ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილ პროგრამაში, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით ვიყავით ჩართულნი. ამასთანავე, გასული წლის ნოემბერში, 2020 წლის აპრილში დასრულების ნაცვლად, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეს პროგრამა კიდევ ერთი წლით, რადგან 2020 წელი არჩევნების წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კორონავირუსს და შოკს, რომელიც დიდი და პრაქტიკულად მოულოდნელი იყო, შევხვდით გამართული ეკონომიკით, რადგან მაკროეკონომიკა სტაბილური იყო, გვქონდა კარგი ფისკალური ბუფერები და საბანკო სისტემაში არსებული კარგი ლიკვიდობა და კაპიტალის კარგი მაჩვენებლები. მომზადება ნიშნავდა, რომ ფინანსთა სამინისტროს შეეძლო სწრაფად მოეპოვებინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო გაზრდილი დახმარება პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულმა ხელი შეუწყო მთავრობას სოციალური დახმარების უზრუნველყოფაში მათთვის, ვინც დაკარგა სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა მხარდაჭერა, ჩვენი საბანკო სისტემა ძალიან მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების თვალსაზრისით. ამან მოგვცა საშუალება, კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნები შეგვემსუბუქებინა, ასევე მოგვეთხოვა, მათთვის შეექმნათ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი არა აქტივების ანალიზის, არამედ სტრეს-ტესტების მიხედვით, რათა განგვესაზღვრა საბანკო სისტემის შესაძლო დანაკარგი.

სესხების შესაძლო დანაკარგების სასესხო პორტფელის 3%-ის ოდენობით დარეზერვების შემთხვევაშიც კი, საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული რჩება და მას ლიკვიდობის პრობლემა არ ექმნება, რაც საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებსა და საფინანსო სისტემას, გასცეს სესხები ეკონომიკური აქტივობის დასაფინანსებლად. აღნიშნული შეეხო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სადაც განვიხილავდით, თუ რა სჭირდებოდათ მათ. ძირითადი თემა იყო ლიკვიდობა, ლიკვიდობა და ლიკვიდობა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ინდიკატორი გაუარესდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება გაცილებით მაღალი მიმდინარე წელს, წინა წლის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ვფიქრობ, შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას და ერთ ან ორ წელიწადში კრიზისამდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით“, – განაცხადა Central Banking-თან ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დატოვე კომენტარი