კობა გვენეტაძე - საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია
სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშის განიხილავენ.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ეროვნულ ვალუტაზე ფასწარმოქმნის საბაზრო პრინციპებს გულისხმობს.
„სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი ითვალისწინებდა საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე, განსაკუთრებით მაღალი დოლარიზაციის პირობებში, საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, 2019 წლის პირველ ნახევარში სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის პოზიტიური მოლოდინებით გამოწვეული გამყარება აღინიშნებოდა.
„თუმცა წლის მეორე ნახევარში რუსეთის ტურისტულმა ემბარგომ და მასთან დაკავშირებულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა ლარის კურსზე მნიშვნელოვანი ზეწოლა გამოიწვია. შესაბამისად, თუ წლის დასაწყისიდან ექვსი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებისა და სავალუტო ოფციონების საშუალებით 216 მლნ დოლარი შეისყიდა, აგვისტო-ნოემბერში, ინფლაციურ პროცესებზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, 92.8 მლნ დოლარი გაყიდა. მთლიანობაში კი, სავალუტო აუქციონებისა და სავალუტო ოფციონების ინსტრუმენტით, 2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 123.5 მლნ დოლარი შეადგინა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.