კობა გვენეტაძე - რეგულატორის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა
რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
გვენეტაძემ კომიტეტის სხდომაზე ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ მიაჩნია ეროვნულ ბანკს მიზანშეწონილად პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვა.
„ჩვენ ვართ „თიბისი ბანკის“ რეგულატორი, ისევე როგორც საქართველოში სხვა კომერციული ბანკების. თიბისი ბანკთან“ ერთად ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის „თიბისი ბანკის“ მხრიდან დავები არ არსებობს. მე გარკვეულწილად, როდესაც ამ თემაზე საუბარი დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, პირადად ჩემს თავზე ავიღე რისკი, რასაც შეიძლება, ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან პირველ რიგში, მე ვზრუნავ ბანკზე, ვზრუნავ ფინანსურ სექტორზე. აქედან გამომდინარე, სანამ ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ მიერ ერთობლივი განცხადება არ გაკეთდა, ჩვენ დამატებითი და სხვა ინფორმაცია არ მოგვიცია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ამის შემდეგ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც კობა გვენეტაძის შეფასებით, საკმაოდ ნათელი და დეტალური იყო. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აცხადებს, ამ ინფორმაციის მეშვეობით, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო შეფასება, თუ რა და როგორ გააკეთა ეროვნულმა ბანკმა.
„ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე. არ მახსოვს საერთაშორისო პრაქტიკაში პრეცედენტი, როდესაც რეგულატორის გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება“, – განცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც „თბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებიან. კომიტეტის დღის წესრიგის თანახმად, დღეს „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს, თუმცა, ეროვნულმა ბანკმა გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.