კობა გვენეტაძე - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებით გაუმჯობესდა სესხის მომსახურების კოეფიციენტები, შემცირდა მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები
ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რისთვისაც მაკროპრუდენციულ პოლიტიკას ვახორციელებთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით, ეროვნული ბანკი აღნიშნული რისკების შემცირების საპასუხო პოლიტიკას ახორციელებს, რითაც ფინანსური სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.
„2019 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფინანსური სტაბილურობის რისკები მნიშვნელოვანწილად შეამცირა. კერძოდ, გაუმჯობესდა სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტები და შედეგად, შემცირდა მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. ამასთან, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში იზრდებოდა ლარით გაცემული სესხების წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, გარდა ამისა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებამ ხელი შეუწყო სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა: მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნესსესხები.
„აღნიშნულმა გადამისამართებამ, თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, რადგან ბიზნესსესხები, სამომხმარებლო სესხებთან შედარებით, ეკონომიკაში დამატებით ღირებულებას ქმნის. ეროვნული ბანკის შეფასებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. რაც შეეხება დაკრედიტების დინამიკას, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, სესხების ზრდის ტემპი მდგრად დონეს დაუბრუნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა წლების მაღალი ზრდის ტემპების ხარჯზე, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებდა. ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სტრატეგია ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხორციელების ძირითად პრინციპებს ასახავს.