კობა გვენეტაძე - ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება
მაკროეკონომიკური ძირითადი მაჩვენებლების განახლებას აგვისტოს დასაწყისში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დროის მოკლე განაკვეთში ინფლაციასთან დაკავშირებით ბევრი ცვლილება ხდება. გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციაზე პროგნოზი რჩება იგივე.
„შემიძლია ვთქვა, რომ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს და ტრენდების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. რაც შეეხება ინფლაციას, აქაც ბევრი ცვლილებები ხდება, ნავთობის ფასები წინა კვირაში შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვები გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რამაც შეიძლება, გლობალური რეცესია გამოიწვიოს და რაც იმოქმედებს ნავთობის ფასებზე. ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება, დაუყოვნებლივ არა, მაგრამ რაღაც პერიოდში აისახება. ამ ფაქტორების გაანალიზებასაც გავაკეთებთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით, არის იგივე. დროის მოკლე განაკვეთში ბევრი ცვლილებები ხდება, რთული სათქმელია, როგორ მოხდება განახლება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.