კობა გვენეტაძე - მეც არაერთხელ მითქვამს, რომ რეზერვების ადეკვატური დონის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია  
კობა გვენეტაძე - მეც არაერთხელ მითქვამს, რომ რეზერვების ადეკვატური დონის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით პროგნოზისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ზოგადად ქვეყანაში დადებითი მოლოდინებია შექმნილი.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა ქვეყანაში, წარმატებით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა. ამ ფაქტორების ერთობლიობა, და არა რომელიმე ფაქტორი, ქმნის დადებით მოლოდინებს”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

რაც შეეხება სავალუტო ფონდის მიერ დღეს გაკეთებულ შეფასებას, გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა დადებითად არის შეფასებული.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რეზერვების ადეკვატური დონის შენარჩუნება და მეც არაერთხელ მითქვამს ამასთან დაკავშირებით. ბერკეტებიდან, რაც გვაქვს, ერთ-ერთია ინტერვენცია. ინტერვენცია მუშაობს გარკვეულ შემთხვევებში, გარკვეულ დროს. ჩვენ ზუსტად ასე გამოვიყენეთ. ძირითადად, დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებასთან დაკავშირებით. ნათქვამია, რომ ეს იყო დროული გადაწყვეტილება. ზოგადად ვფიქრობთ, მიმოხილვის დასრულება კარგი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის, შიდა ინვესტორებისთვის. ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება, არის ჯანსაღი და ქვეყნის ხელისუფლება ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ქვეყანაში“, – განაცხადა გვენეტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი აცხადებს, რომ ინტერვენციების გამოყენება მხოლოდ გადაჭარბებული ვოლატილობის შემთხვევაში ან რეზერვების შესავსებად უნდა მოხდეს. (ვოლატილობა სავალუტო ბაზარზე გარკვეული პერიოდის მონაკვეთში ფასის მოძრაობის დიაპაზონს აღნიშნავს).

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებას და ქვეყნისთვის 41.4 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.