კობა გვენეტაძე - ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, რასაც ვვარაუდობდით
ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება დღეს რეგიონში და მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს რეგიონში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, არა მარტო რეგიონის ეკონომიკაზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზეც, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მუდმივი ანალიზის დახმარებით, საქართველოს ფინანსური სისტემა კარგად უძლებს სიტუაციას.
„ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება დღეს რეგიონში და მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. რა თქმა უნდა, ეს მოვლენები გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, არა მარტო რეგიონის ეკონომიკაზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზეც და ამაზე გაკეთდა უკვე განცხადებები.
რაც შეეხება ფინანსურ სისტემას საქართველოში, ფინანსური სისტემის სტაბილურობა ჩვენი განგრძობადი მიზანია ასე ვთქვათ, მუდმივად ვზრუნავთ ამაზე და იმ ზომების დახმარებით, რომელსაც ვიღებთ მუდმივი ანალიზის დახმარებით ფინანსური სისტემა კარგად უძლებს სიტუაციას. მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს კოვიდპანდემია მიმდინარეობდა, საკმაოდ ბევრი გამოწვევა ჰქონდა მას ფინანსური სისტემისათვის, მაგრამ ზუსტად იმ რეფორმების გამო, რომელიც გატარდა, სისტემამ კარგად გაუძლო ამ ძალიან რთულ პერიოდს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ქართული ფინანსური სისტემა არის გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი და ქართული საბანკო სისტემაც შეუერთდა სანქციებს ფინანსური მიმართულებით.
„სამწუხაროდ, ახლა ახალი გამოწვევა არის და მინდა ვთქვა, რომ ის ბუფერები, რომელიც გამოიყენა ფინანსურმა სისტემამ კოვიდის დროს, მათი აღდგენა უკვე დაწყებული იყო, ბევრ შემთხვევაში აღდგენილიცაა. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ფინანსური სისტემა უძლებს ძალიან კარგად ამ გამოწვევას. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ქართული ფინანსური სისტემა, ეს არის გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი და ქართული საბანკო სისტემაც შეუერთდა სანქციებს ფინანსური მიმართულებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს ორი კომერციული ბანკი, რომელიც ვაჭრობს ლონდონის ბირჟაზე და ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა იქნება მდგრადი და ის იქნება დაცული იმისაგან, რომ არ მოხდეს რაიმე არასანქცირებულ პირებთან და კომპანიებთან დაკავშირებული ოპერაციები“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ ნავთობის ფასებმა საგრძნობლად მოიმატა და ზუსტად ეს განაპირობებს იმას, რომ ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, როგორც პროგნოზირებდნენ.
„ახლა რაც შეეხება ინფლაციას, რა თქმა უნდა ინფლაცია, რომელიც უკვე გლობალური გამოწვევა იყო მსოფლიოსთვის და მოსალოდნელი იყო, რომ ამ წელს გადაილახებოდა, კვლავ დარჩება გლობალურ გამოწვევად. მარტის თვეში წლიურ ინფლაციას ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 14 პროცენტიდან დაახლოებით შემცირდებოდა რვა პროცენტამდე. სამწუხაროდ, დღეს ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელი არ იქნება მიწოდების ჯაჭვების შეწყვეტის გამო, რომელიც ნავთობთან არის დაკავშირებული, რადგანაც რუსეთი ნავთობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, ეს სხვა პროდუქტებსაც გადაედება. ნავთობის ფასებმა საგრძნობლად მოიმატა და ვფიქრობ, ზუსტად ეს განაპირობებს იმას, რომ ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, რასაც ვვარაუდობდით. შემცირება ექნება ნამდვილად წლიურ ინფლაციას, მაგრამ ისეთი არა, როგორც ვვარაუდობდით. ჩვენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გვექნება ოთხშაბათს, სადაც ვისმჯელებთ და გავაანალიზებთ ბოლო ინფორმაციას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.