კობა გვენეტაძე - იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება
კობა გვენეტაძე - იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტს განიხილავენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა საოპერაციო ჩარჩო.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით, ანუ 2009 წლიდან დღემდე, წლიური ინფლაცია საშუალოდ 3.7 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს და შესაძლო რისკების მიმოხილვა. ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის-მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) – ცვლილებით. მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა საოპერაციო ჩარჩო, რომელიც მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებისგან შედგება: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები პირველად და მეორად ბაზარზე, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ლიკვიდობის მისაწოდებლად ეროვნული ბანკი ასევე სავალუტო სვოპ ოპერაციებს იყენებს.

ჩამოთვლილი ინსტრუმენტებით ეროვნული ბანკი მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს მართავს. სასურველი მოკლევადიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად ბანკთაშორის მოკლევადიან ლიკვიდობის ბაზარზე რეფინანსირების სესხებით ინტერვენციები ხორციელდება. ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების დიდი რყევების თავიდან ასაცილებლად, რაც ამ ბაზრის განვითარებას ხელს უშლის, ეროვნული ბანკი მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს – ერთდღიან სესხებსა და დეპოზიტებს – იყენებს.
„ინფლაციის მიზნობრივი 3 პროცენტიანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება; ის ზოგჯერ მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი უფრო დაბალი იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, ანუ 2009 წლიდან დღემდე, წლიური ინფლაცია საშუალოდ 3.7 პროცენტს შეადგენს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დატოვე კომენტარი