კობა გვენეტაძე - დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა – ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად.
„ფინანსური სექტორისთვის ლიკვიდურობის შეუფერხებელი მიწოდება ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტები, რათა ფინანსურ სექტორს ეროვნული ვალუტის ლიკვიდობა შეუზღუდავად მიაწოდოს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მოთხოვნა ლიკვიდურ სახსრებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან ერთად ბაზარზე გაჩნდა შიშები, რომ მომავალში შესაძლოა, ლარის ნაკლებობა გაჩნდეს, რამაც ლარის პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოიწვიოს. მომავალში ლიკვიდობის რისკების შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა ახალი ინსტრუმენტები აამოქმედა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯამში 400 მლნ დოლარის ლიმიტის მქონე სვოპოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის.