კობა გვენეტაძე - დაგროვილი გამოცდილება იძლევა საშუალებას, ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმებისას მეტი თავისუფლება მიეცეთ
გამოცდილება, რომელიც რეგულაციების ამოქმედებიდან დაგროვდა, საშუალებას იძლევა, კომერციულ ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების მხრივ მეტი თავისუფლება მიეცეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა რეგულაციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რეგულაციების შეფასებისას აუცილებელია დაკვირვება, თუ რა გავლენა მოახდინა მან, რადგან წინასწარი შეფასებებით შეუძლებელია მოსალოდნელი შედეგის სრული სიზუსტით განსაზღვრა.
კობა გვენეტაძის განმარტებით, სესხების პორტფელის ზრდა 13 პროცენტის ფარგლებშია, რაც ასეც იყო ნავარაუდევი.
„თუ მთლიანად წლიურ ზრდას შევხედავთ, მაჩვენებელი საკმაოდ კარგია. კომერციულ ბანკებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გვქონდა შეხვედრები საბანკო ასოციაციასთან, დეველოპერებთან. გამოცდილება, რომელიც დაგროვდა, იძლევა საშუალებას, რომ ბანკს მეტი თავისუფლება მიეცეს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმებაში“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის დებულება იძლევა საშუალებას, ბანკებმა გაითვალისწინონ იპოთეკური სესხის გაცემისას, 20 პროცენტიანი თანამონაწილეობის დროს, მსესხებლის გადახდების ისტორია, როგორც შუალედური მაჩვენებელი შემოსავლების დადასტურების მხრივ.
„მოგეხსენებათ, გადამხდელები ახორციელებენ გადახდებს და ეს არის მათ ისტორიაში. თუ ისინი აჩვენებენ, რომ კარგად იხდიან, ეს შესაძლებელია, გამოყენებული იყოს, როგორც შუალედური მაჩვენებელი შემოსავლების დადასტურებაში. ეს უფრო რელევანტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ახალმშენებარე ბინებზე ვსაუბრობთ. იმ შემთხვევაში, თუ თანხის 20 პროცენტის წინასწარი დადება იქნება, მათ აქვთ კარგი ისტორია და მსესხებლები გადაიხდიან ვალდებულებებს, ბანკებს საშუალება აქვთ, ეს გაითვალისწინონ შეფასებაში. დებულება იძლევა ამის საშუალებას. ეს არ ყოფილა დებულება, რომელიც ხელს უკრავს ფინანსურ ორგანიზაციებს. ერთ-ერთ მუხლში არის აღწერილი, რომ შესაძლებელია ამ მოდელის გამოყენება. ეს არის მექანიზმი, რომლის საშუალებით ვნახავთ, რამდენად კარგად ხდება შეფასება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის მოთხოვნის თანახმად, აღნიშნული ვრცელდება ლარში გაცემულ სესხზე.
„ეს არის გამოყენება დებულების იმ ერთ-ერთი მუხლის, რომელიც კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს, შეაფასოს გადახდისუნარიანობა“, – განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის დებულების მეექვსე მუხლის თანახმად, რომელიც შემოსავლის შეფასებას ეხება, ფიზიკური პირის შემოსავლის დასადასტურებლად გამოიყენება სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდანნ ან/და ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან. სხვა შემთხვევაში, თუ არ არსებობს მსგავსი დოკუმენტი, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ ფიზიკური პირის შემოსავლის სტაბილურობა უნდა შეისწავლოს და ფინანსური ანალიზი განახორციელოს შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად, მათ შორის, დასაშვებია რაოდენობრივი/სტატისტიკური მოდელის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოდელის მიზანია შემოსავლების შეფასება. აღნიშნული შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან.