კობა ჩოფლიანი - იმედი მაქვს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების თანამშრომლობით, ძალიან მალე მნიშვნელოვანი პროდუქტი შეიქმნება
პრობლემაა, როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ქართული წყაროებით ვერ იღებენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა, კობა ჩოფლიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამის გამო, ვაკუუმს ავსებს ჭორები, ან – სხვა ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაცია. ეს არის სამოქალაქო ინტეგრაციის შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონმდებლობით აღებული ვალდებულების შესრულება დღეს აქტიურად დაიწყო“, – განაცხადა ჩოფლიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ინტეგრაცია არა მხოლოდ უმცირესობისკენ, არამედ, ამავდროულად, უმრავლესობისკენ მიმართულიც უნდა იყოს, რათა მიმღებლობაც არსებობდეს და უმრავლესობა-უმცირესობამ ერთმანეთს კარები გაუღოს.
„ყველას თანაბარი უფლებები და მოვალეობები უნდა გვქონდეს. ეთნოსებსა და რელიგიებს შორის დაშვებული შეცდომების ტყვეობაში ჩვენი ქვეყანა დღესაც იმყოფება. მედიას კი შეუძლია, ეპოქალური როლი შეასრულოს. ვფიქრობთ, უახლოეს ხანებში ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრები ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები იქნებიან. იმედი მაქვს, მათი და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების თანამშრომლობით, ძალიან მალე მნიშვნელოვანი პროდუქტი შეიქმნება“, – განაცხადა კობა ჩოფლიანმა.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.