„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურის შეჩერებისკენ მოუწოდებს
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელშიც დაახლოებით 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, ხელისუფლებას მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურის შეჩერებისკენ მოუწოდებს. კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, პირველ რიგში, აუცილებელია, ცვლილებები პროკურორის არჩევის წესში განხორციელდეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყოს ხელისუფლებამ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პროკურორობის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს კონცეფციის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. პრესკონფერენცია დღეს 12 საათზე , ღია საზოგადოების ოფისში გაიმართება.
„დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეაჩეროს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, განსაკუთრებით სარალიძის საქმის ფონზე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პროკურატურის მიმართ არსებობს სერიოზული ეჭვები, განსაკუთრებით პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კუთხით. ამ პროცესში მთავარი პროკურორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. მთავარ პროკურორს ვირჩევთ 6 წლით, სწორედ ამიტომ, ეს პროცესს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია პირველ რიგში განხორციელდეს ცვლილებები პროკურორის არჩევის წესში და მხოლოდ ამის შემდეგ ავირჩიოთ მთავარი პროკურორი, რომელიც შესაბამისობაში იქნება პროკურორობის როგორც დამოუკიდებელი ორგანოს კონცეფციასთან“,- განაცხადა „ღია საზოგადოება საქართველოს“,- განაცხადა ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა, სოფო ასათიანმა.
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აღნიშნულ თემაზე დღეს, 12:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.