„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესის შეჩერებისკენ მოუწოდებს
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მიმართავს, მთავარი პროკურორის არჩევის წესი შეაჩეროს. ამის შესახებ განცხადება კოალიციის წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე ისაუბრეს, თუ რატომ უნდა გადაიდოს მათი მოსაზრებით ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე. კოალიცია მიიჩნევს, რომ  პროკურატურის შესახებ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, იძლევა შესაძლებლობას, უწყება დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდეს.

მათივე განმარტებით, თუ მთავარი პროკურორი დღეს არსებული წესით შეირჩა, სავარაუდოდ, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისას ქვეყანას უკვე ეყოლება ახალარჩეული მთავარი პროკურორი ექვს წლიანი უფლება-მოსილებით.

არასამთავრობო სექტორმა ერთხელ უკვე მიმართა ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მესამე სექტორის მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ კი, ორგანიზაციებმა „ფონდი – ღია საზოგადოება-საქართველო“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებები შეიმუშავეს და პარლამენტს გაუგზავნეს. მესამე სექტორის განცხადებით, პარლამენტის მხრიდან თანამშრომლობისთვის მზაობის შემთხვევაში, კოალიცია საკანონმდებლო პაკეტზე დაიწყებს მუშაობას.