არასამთავრობოთა და „იუესაიდის“ წარმომადგენლები სასამართლო სისტემის გამოწვევებზე მსჯელობენ
არასამთავრობოთა და „იუესაიდის“ წარმომადგენლები სასამართლო სისტემის გამოწვევებზე მსჯელობენ

კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „იუესაიდის“ (USAID) მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ.

როგორც „იუესაიდის“ მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ვილბერმა განაცხადა, ორგანიზიაცია პერიოდულად მართვას შეხვედრებს მართლმსაჯულების სისტემის საკითხებზე და მხარეების პოზიციებს ისმენს.

„მოხარული ვარ, მოვისმინო ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები. პერიოდულად ვხვდებით პარტნიორებს, როგორც პარლამენტის მხარეს, ასევე სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის სხვა უწყებების მხარეს. ვისმენთ მათ პოზიციებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ იმ წუხილებისა და რეკომენდაციების შესახებ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პიტერ ვილბერმა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, კოალიციას ძალიან კონკრეტული ხედვა აქვს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სასამართლო სისტემაში ვითარების გასაჯანსაღებლად.

„პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, რაც უნდა მოხდეს სახელმწიფოში ისაა, რომ კლანი წავიდეს სასამართლო ხელისუფლებიდან, საბჭოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მურუსიძის მოსამართლეობას, კლანის ცალსახა წარმომადგენლები არიან. მათ უნდა დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა. მეორე არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მომზადებული ცხრამეტ გვერდიანი დოკუმენტი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავუგზავნეთ პარლამენტს და მიგვაჩნია, რომ ამ დოკუმენტში ასახულ პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს მომზადებული ან ინიცირებული კანონპროექტი“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

მისი თქმით, კოალიციის წევრები კიდევ ერთხელ გააცნობენ თავიანთ პოზიციას „იუესაიდს“, რომ თუ კლანმა არ დატოვა სასამართლო არც ერთ კანონსა და ინიციატივას მნიშვნელობა არ აქვს.

„გვინდა, ეს პოზიცია კიდევ ერთხელ გვინდა გავაცნოთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნოორს, „იუესაიდსის“ წარმომადგენლებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის და ხშირ შემთხვევაში, მათაც კარგად ესმით გულისტკივილი, რაც გვაქვს“, – განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ.