კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია მოწმის სტატუსით გამოკითხეს
კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია მოწმის სტატუსით გამოკითხეს

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან სამმართველო რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთან ერთად დატოვა.

როგორც გეთიამ განაცხადა, გამომძიებელმა ზოგადი კითხვები დაუსვა შეუნიშნავს თუ არა აქამდე კლუბის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალება.

ტატო გეთიას თქმით, გამოკითხვაზე კლუბს გახსნის თარიღთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„ეს იყო უბრალოდ დაკითხვა-დაკითხვისთვის, ზოგადი კითხვებით. ჩემი პირადი აზრით, ბევრი არასაჭირო კითხვით და პროვოკაციული კითხვით. ალბათ, ერთ-ერთი მექანიზმია სამინისტროსი, განხორციელდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ მოვწყდეთ საკუთარ საქმეებს და უბრალოდ დავკარგოთ დრო.

ისეთი ზოგადი კითხვები იყო, რაც ისედაც იციან. ვთვლი, რომ ეს რეჟიმი არის სრულიად მიუღებელი. ალბათ ჩემ სხვა თანაგუნდელებსაც აქ დაუძახებენ და ეს უბრალოდ ერთ-ერთი მექანიზმია, რომ გაგრძელდეს კლუბზე ზეწოლა.

მკითხეს, თუ შემიმჩნევია შიგნით რაღაც ნივთიერებები, თუ შემიმჩნევია ნივთიერების ქვეშ მყოფი ადამიანები, თუ მქონია ინფორმაცია რეალიზაციაზე და მსგავსი რაღაც აბსურდები“, -განაცხადა ტატო გეთიამ.

გუშინ, თბილისის მთავარ სამმართველოში  „კაფე გალერის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ანთაძეც გამოკითხეს.