„კაფე გალერის“ დამფუძნებელი მოწმის სტატუსით გამოიკითხა
„კაფე გალერის“ დამფუძნებელი მოწმის სტატუსით გამოიკითხა

„კაფე გალერის“ დამფუძნებელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ალექსანდრე ანთაძის გამოკითხვა ორი საათი გაგრძელდა.

როგორც ანთაძე აცხადებს, სამმართველოში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.

„იყო ზოგადი კითხვები „კაფე გალერის“ საქმიანობაზე, როდის დაფუძნდა შპს, ვინ მუშაობს და ა.შ. მეტი არაფერი. ვიყავი მოწმის სტატუსით. მე ვარ დამფუძნებელი და არ ვარ ჩახედული კლუბის საქმიანობაში. ნარკოტიკებთან დაკავშირებით კითხვა არ ყოფილა”,- განაცხადა ალექსანდრე ანთაძემ.

„კაფე გალერის“ დამფუძნებლის ადვოკატის თქმით, ალექსანდრე ანთაძემ გამოძიების კითხვებს ამომწურავად უპასუხა. ამასთან, როგორც ადვოკატმა განაცხადა, გამოძიებას არ დაუსვამს კითხვები კლუბის დაცვის უფროსზე, რომელიც ნარკორეალიზების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებას ამის შესახებ კითხვები არ დაუსვამს. ზოგადად კითხვა იყო დასმული, იყო თუ არა რაიმე ფაქტი მისთვის ცნობილი, რომ კლუბებში, არამარტო „გალერიში“, ზოგადად, თუ ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რაზეც პასუხი იყო, რომ კონკრეტულად ალექსანდრე ანთაძისთვის არ იყო ცნობილი“,- განაცხადა გიორგი ანთაძემ.