კლონირებულმა ქრცვინმა ნაშიერები გააჩინა — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
კლონირებულმა ქრცვინმა ნაშიერები გააჩინა — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

1979 წელს ჩათვალეს, რომ შავფეხა ქრცვინი გადაშენდა. მას შემდეგ ორმოც წელიწადზე მეტი გავიდა და ახლახან, ამ სახეობის უკანასკნელი გარეული ეგზემპლარებისგან არა მხოლოდ კლონები გამოიყვანეს, არამედ ერთ-ერთმა ამ კლონმა ორი ჯანმრთელი ნაშიერიც გააჩინა — ერთი მდედრი და ერთი მამრი.

დედა, სახელად ანტონია, კლონირებით გამოიყვანეს სან-დიეგოს ზოოპარკში 1988 წელს მომკვდარი შავფეხა ქრცვინისგან, რომელსაც ვილია ერქვა. იმ წელს, ამერიკელმა კონსერვაციონისტებმა ტყვეობაში გამრავლების პროგრამა დაიწყეს, რისთვისაც გამოიყენეს 18 შავფეხა ქრცვინი (Mustela nigripes); ეს მცირე, ინბრედიული პოპულაცია 1981 წელს ვაიომინგის შტატში, ველურ ბუნებაში აღმოაჩინეს და დაიჭირეს.

მას შემდეგ, ამ ქრცვინები ნაშიერები ველურ ბუნებაში რამდენჯერმე გაუშვეს და დღეისათვის დაახლოებით 350 ინდივიდამდე უნდა იყვნენ. თუმცა, ამ ცხოველებს აწუხებ გენეტიკური მრავალფეროვნების სიმწირე, დაავადებები, ჰაბიტატის დაკარგვა და მათი მთავარი მსხვერპლის, მდელოს ძაღლების რაოდენობის შემცირება.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ სახეობის მომავალი ახლა დამოკიდებულია ტყვეობაში გამრავლებასა და კლონირებაზე.

მაგალითად, ანტონიას კლონირება მოახდინეს ქსოვილის ნიმუშიდან, რომელიც სამჯერ მეტ უნიკალურ გენეტიკურ ვარიაციებს შეიცავდა, ვიდრე ამჟამად ველურ ბუნებაში ბინადარი საშუალო შავფეხა ქრცვინი.

„ამ გენების სცენაზე შემოყვანამ, რომლებიც აქამდე წარმოდგენილი არ ყოფილა, შეიძლება საკვანძო როლი შეასრულოს სახეობის გენეტიკური მრავალფეროვნების ზრდაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი, გრძელვადიანი აღდგენისთვის“, — წერს აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების სერვისი (FWS) პრესრელიზში.

უწყების განცხადებით, საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობის კლონირებული ეგზემპლარის წარმატებული რეპროდუქცია საეტაპო მოვლენაა კონსერვაციის გენეტიკურ კვლევებში და ამტკიცებს, რომ კლონირების ტექნოლოგია არა მხოლოდ გენეტიკური მრავალფეროვნების აღდგენაში გვეხმარება, არამედ სამომავლო გამრავლების საშუალებასაც იძლევა, რაც სახეობათა აღდგენის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

მიღწევა ეკუთვნის ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ მეცნიერები და კონსერვაციონისტები FWS-დან, სმიტსონის ზოოპარკებისა და საკონსერვაციო ბიოლოგიის ეროვნული ინსტიტუტიდან (NZCBI), ორგანიზაცია Revive & Restore-დან, სან-დიეგოს ზოოპარკის ველური ბუნების ალიანსიდან, ორგანიზაცია ViaGen Pets & Equine-დან და ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან.

ახლა, როცა რეპროდუქციის ნაწილი წარმატებით მიმდინარეობს, გამოწვევად რჩება ბუნებაში გაშვება. მართლაც შეუძლია თუ არა საკონსერვაციო კლონირებას საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა აღდგენა — ძლიერ საკამათო საკითხად რჩება.

ანტონიას კლონირება და მისი ნაშიერების დაბადება ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ძვირად ღირებული სამუშაოსა და რამდენიმე წარუმატებელი საველე მცდელობის კულმინაციაა. ზოგიერთი მეცნიერი კი ირწმუნება, რომ უკეთესი იქნებოდა, ეს დრო და ფული მოხმარებოდა ჰაბიტატთა კონსერვაციას ან ისეთი ადგილების გაცოცხლებას, რომელიც ერთზე მეტი სახეობისთვის გახდებოდა სახლი.

ჰაბიტატის დაკარგვა და ადამიანი-ველური ბუნების კონფლიქტი გლობალურად წარმოადგენს მთავარ საფრთხეს გადაშენების პირას მყოფ ველურ სახმელეთო სახეობათათვის; ამ მხრივ გამონაკლისი არც შავფეხა ქრცვინია, რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი გარემოს უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობის გამო დაკარგეს.

„თუკი ჰაბიტატი აღარ იარსებებს, გადაშენებული ან გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კლონირება დროის და ფულის ტყუილად ხარჯვა იქნება“, — წერს ველური ბუნების ეკოლოგი დევიდ იაჩოვსკი 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში.

„პირველ რიგში, ძლიერ უნდა ვფოკუსირდეთ გადაშენების გამომწვევ პრობლემათა გამოსწორებაზე“, — წერს მკვლევარი.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.