კლინიკაში აცხადებენ, რომ სოფელ საყულიადან შეყვანილ ორ პირს ცეცხლნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებოდა და ამბობდნენ, რომ დაზიანებები ხარაჩოდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღეს
ქუთაისში მდებარე კლინიკა „ლჯ“-ში აცხადებდნენ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიადან შეყვანილ ორ პაციენტს ჭრილობა წვივის არეში აღენიშნებოდა და მათ მედიკოსებთან საუბრისას ტრავმის გამომწვევ მიზეზად ხარაჩოდან ჩამოვარდნა დაასახელეს.
კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, თეა მაჩიტიძის ინფორმაციით, პაციენტებმა კლინიკა ჭრილობის დამუშავების შემდეგ, ერთ საათში.
„ორმა პაციენტმა მოგვმართა კლინიკაში, ემერჯენსის განყოფილებაში თვითდინებით. იმყოფებოდნენ ალკოჰოლური თრობის ქვეშ. პაციენტების გადმოცემით, ტრავმა მიიღეს სიმაღლიდან ვარდნით, კერძოდ კი ხარაჩოდან ჩამოვარდნის შედეგად. მოხდა ჭრილობის დამუშავება, რომელიც აღენიშნებოდათ წვივის არეში. დაედოთ ნაკერი შესაბამისად და გაეწერნენ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. პაციენტებმა დაახლოებით ერთ საათში დატოვეს კლინიკა“, – განაცხადა თეა მაჩიტიძემ.
კითხვაზე, ხომ არ აღენიშნებოდათ პაციენტებს შემავალი ან გამავალი ჭრილობა, კლინიკაში განაცხადეს, რომ პაციენტებს, მხოლოდ ნაფლეთ-ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდათ.
„არა, არ აღენიშნებოდათ. ნაფლეთ-ნაკვეთი ჭრილობა იყო. შემოსვლისთანავე გამოვიძახეთ შესაბამისი სამსახურები, მოხდა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების დაკითხვა. ხელწერილით დატოვეს კლინიკა“, – აღნიშნა თეა მაჩიტიძემ.
სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ძმა გუშინ აცხადებდა, რომ მუკბანიანის დაკავების ოპერაციის დროს სოფელში ორი ადამიანი დაიჭრა.
ირაკლი მუკბანიანის დაკავებასთან დაკავშირებით გუშინ შსს-მ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა. უწყების ცნობით, სოფელ საყულიაში დააკავეს პირი, რომელიც გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე, პოლიციას ესროდნენ ქვებსა და სხვადასხვა საგანს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. „სიტუაციის ესკალაციისა და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.