კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის, ფარმან ჯეირანლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე განაჩენს დღეს, გამოაცხადებს. პროცესი 10:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომაზე ბრალდებული დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
„ლანცეტის“ დირექტორის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. გელა ნიკოლაიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
„იმდენად აშკარა და ნათელია ყველაფერი, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რომ რაიმე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. იშვიათია საქმე, როდესაც ყველაფერი ხელის გულზე დევს, თუმცა თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია და თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, მაგრამ მჯერა, რომ ეს არ დაგვჭირდება“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. მას პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებიან.
„ლანცეტის“ დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.