კლინიკა „ბომონდში“ ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გამოჯანმრთელებულთა შორის არის პაციენტი, რომელიც კლინიკაში ფილტვის 80-პროცენტიანი დაზიანებით, ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს.
გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ასევე არიან ორსულები და მელოგინეები.
როგორც „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განაცხადა, დღეს კლინიკაში კიდევ 12 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
„დღეის მდგომარეობით, 135 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში. სასიხარულოა, რომ კლინიკაში ახალი კორონავირუსული ინფექცია ჯამში 400-მა პაციენტმა დაამარცხა. დღეს კიდევ 12 გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას ველოდებით. 41 ორსული და მელოგინე გვყავს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. გასული 24 საათის განმავლობაში ექვსი ორსული დაგვემატა სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან.
უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა მძიმე პაციენტმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა. პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იყო გულზე ნაოპერაციები და ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი“, – განაცხადა კლინიკა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 81 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, 16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ასევე მკურნალობენ არასრულწლოვნები, რომლებიც საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.