სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ლენოქს ლუისი საგამოფენო შეხვედრას გამართავს WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ექსჩემპიონ ვიტალი კლიჩკოსთან. ელოდნენ, რომ ეს ბრძოლა შემოდგომაზე კიევში გაიმართებოდა, WBC-ის კონგრესის დროს.
მაგრამ, ლუისმა და კლიჩკომ უძლიერესის გამოვლენა სხვა ხერხით გადაწყვიტეს. ბრიტანელის თქმით, ის მართლაც გავა რინგზე უფროს კლიჩკოსთან, მაგრამ მასთან საჭადრაკო დუელს ჩაატარებს.
„ჩვენ ჩავატარებთ ჭადრაკის მატჩს რინგზე. ძალიან მოხუცები ვართ იმისთვის, რომ ისევ ჩავიცვათ ხელთათმანები. გაცილებით საინტერესო იქნება ინტელექტუალური და არა მუშტების დუელი”, – მოჰყავს ლუისის სიტყვები DailyMail-ს.
ლენოქს ლუისისა და ვიტალი კლიჩკოს ორთაბრძოლა 2003 წლის 21 ივნისს გაიმართა და მასში ტექნიკური ნოკაუტით ბრიტანელმა გაიმარჯვა.
ბრძოლა შეწყდა იმის გამო, რომ უკრაინელს წარბი ჰქონდა გახეთქილი, არადა, შეწყვეტის მომენტში, კლიჩკო ქულებით უგებდა ლუისს. ლენოქსი დაპირდა უკრაინელს რევანშს, მაგრამ მალე კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.