კლეოპატრას სამარხის ძებნისას, არქეოლოგებმა „გეომეტრიული სასწაული“ გვირაბი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტის სანაპიროზე, უძველეს ნაქალაქარ ტაპოსირის-მაგნაში, უძველესი ტაძრის ქვეშ არქეოლოგებმა ვრცელი, საოცარი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელსაც ექსპერტებმა „გეომეტრიული სასწაული“ უწოდეს.
სტრუქტურა ტაძრის გათხრებისა და კვლევისას, სანტო-დომინგოს უნივერსიტეტის მკვლევარმა კეტლინ მარტინესმა და მისმა კოლეგებმა მიწაში, 13 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. ორი მეტრის სიმაღლის გვირაბი ქვიშაქვაშია გაჭრილი 1305 მეტრზე.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს განცხადებით, დიზაინით ის ძლიერ ჰგავს 1036 მეტრის სიგრძის ევპალინოს გვირაბს — ძვ. წ. მე-6 საუკუნის აკვედუკს (წყალსადენი არხი) საბერძნეთის კუნძულ სამოაზე. ხშირად მას ინჟინერიის საოცრებას უწოდებენ და იმ დროისათვის, ეს წყალსადენი უპრეცედენტო იყო თავის დიზაინითა და კონსტრუქციით.
მიუხედავად იმისა, რომ ტაპსორის-მაგნას გვირაბი მთლად მისნაირი არ არის, მისი ინჟინერია არანაკლებ შთამბეჭდავია.
ტაპსორის-მაგნას გვირაბის ნაწილი წყალშია ჩაძირული; ევპალინოს გვირაბთან მსგავსების გარდა, მისი დანიშნულება ჯერ უცნობია.
მარტინესი ტაპსორის-მაგნაში 2004 წლიდან მუშაობს და იქ კლეოპატრა VII-ს დაკარგულ საფლავს ეძებს. მას სჯერა, რომ ეს გვირაბი შეიძლება იმედისმომცემი მიგნება იყოს. წინა გათხრებმა გამოავლინა ნიშნები, რომლებიც სავარაუდოდ, პტოლემეების დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელზე, დედოფალ კლეოპატრაზე მიუთითებს.
ტაპსორის-მაგნა ძვ. წ. 280 წელს პტოლემე II-მ დააარსა, ალექსანდრე მაკედონელის სახელგანთქმული გენერლის ვაჟმა და კლეოპატრას ერთ-ერთმა წინაპარმა (თავად კლეოპატრა ძვ. წ. 51 წლიდან სიკვდილამდე, ძვ. წ. 30 წლამდე მეფობდა). მკვლევართა ჯგუფის აზრით, ტაძარი ღმერთ ოსირისს და მის დედოფალს, ქალღმერთ ისიდას ეძღვნებოდა — ღვთაებას, რომელთანაც კლეოპატრას ძლიერი ასოციაცია ჰქონდა. იქ აღმოჩენილია მონეტები, რომლებზეც კლეოპატრას და ალექსანდრე დიდის სახელებია დატანილი; ასევე აღმოჩენილია ისიდას ქანდაკებები.
ბერძნულ-რომაული სამარხების შემცველი სამარხი შახტები ასევე აღმოაჩინეს ტაძარშიც. შესაძლებელია, რომ კლეოპატრა და მისი ქმარი, მარკუს ანტონიუსი, ერთნაირ საფლავში იყვნენ დაკრძალული, თუკი ისინი საერთოდ ვიპოვეთ.
ჯერ ძლიერ ადრეა იმის თქმა, მიგვიყვანს თუ არა ახალი გვირაბი ამ დიდი ხნის წინ დაკარგულ სამარხებამდე, მაგრამ მეტი ინფორმაცია შეიძლება სამომავლო კვლევებმა მოგვცეს.
შემდეგი ნაბიჯი ხმელთაშუა ზღვის ახლომდებარე მონაკვეთის კვლევა იქნება. ახ. წ. 320 – 1303 წლებში, ამ სანაპიროზე მრავალი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, ტაძრის ნაწილი დაინგრა და ტალღებმა შთანთქა. გარდა ამისა, წინა გათხრებისას აღმოაჩინეს გვირაბების ქსელი, რომელიც მარიუტის ტბიდან ხმელთაშუა ზღვამდეა გადაჭმული.
მიუხედავად იმისა, ვიპოვით თუ არა საფლავებს, ამ ნანგრევების გათხრები ძალიან ბევრს გვეტყვის ამ უძველესი, იდუმალი ქალაქის შესახებ. გვირაბში გარკვეული განძიც იპოვეს: კერამიკის ნამტვრევები და კირქვის ოთხკუთხა ბლოკი.
13 წლის წინ, გათხრებისას, სიძველეთა მაშინდელმა მინისტრმა ზაჰი ჰავასმა აღნიშნა:
„კლეოპატრას და მარკუს ანტონიუსის საფლავების აღმოჩენა 21 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იქნება. მაგრამ თუ მათ ვერ მივაგენით, ტაძარსა და მის გარეთ აუცილებლად აღმოვაჩენთ ბევრ ძალიან მნიშვნელოვანს“.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.