კლაუდია როთი - პუტინის პოლიტიკა აქტუალურია არა მარტო უკრაინასა თუ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც, ბრიტანეთშიც, მის მიერ ანტიდემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა ჩემს ქვეყანაშიც აშკარაა
პუტინის პოლიტიკა აქტუალურია არა მარტო უკრაინასა თუ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც და დიდ ბრიტანეთშიც, – ამის შესახებ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „პარტნიორობის 10 წელი, პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“ განაცხადა.
„როდესაც გორში ჩავედი და როდესაც დავინახე ეს აწყობილი ღობეები, როდესაც დავინახე ეს მცოცავი ოკუპაცია და აგრესია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პუტინი თუ ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს. მაშინ განისაზღვრა საზღვრები და ეს აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმისგან, რაც შემდეგ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში მოხდა. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევასრულოთ როლი, რადგან სამშვიდობო გადაწყვეტილებები აუცილებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის აგებული ხიდები, რომელიც დიდი რუდუნებით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის“, – განაცხადა კლაუდია როთმა.
მისი თქმით, პუტინის რეჟიმის გავლენა და მის მიერ ანტიდემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა გერმანიაშიც აქტუალურია.
„ახლა მე არ ვსაუბრობ მთლიანად რუსეთზე, არამედ პუტინის პოლიტიკაზე. ის აქტიურია არა მარტო უკრაინასა თუ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც და დიდ ბრიტანეთშიც. ეს ზეგავლენა და ანტიდემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა ჩემს ქვეყანაშიც აშკარაა. ჩვენ საერთო ინტერესი გვაერთიანებს. შესაბამისად, დემოკრატია ის კი არ არის, რასაც ახსენებ კვირაში ერთხელ, არა, ამ საკითხებზე უნდა იმუშაო ყოველდღიურად. ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება, გაჩნდეს რაღაც სირთულეები, ტოქსიკური სირთულეები, ასე ვიტყოდი, რომელმაც შეიძლება, მოშხამოს და ხელი შეუშალოს დემოკრატიის განვითარებას. ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურად ჩართულები, უნდა ვისაუბროთ და ვიმუშაოთ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე. ჩვენი სტაბილურობა და დემოკრატია უნდა იყოს ყოველთვის ურთიერთდაკავშირებული. ერთი მეორის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია. ახლა ერდოღანი სულ საუბრობს სტაბილურობაზე, მაგრამ დემოკრატია არ არის მის ქვეყანაში. ჩვენ უნდა დავაკავშიროთ, სტაბილურობა და დემოკრატია ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელი უნდა იყოს“, – განაცხადა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა.