კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, ბიუროს სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი, კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდება, რომლის ინიციატორები არიან ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე და გია ვოლსკი, ასევე ბექა დავითულიანი და დავით კაჭარავა.
კანონის პროექტით, კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს უნდა აღემატებოდეს. ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, ასევე ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
კანონპროექტი კლასიკურ ავტომობილებზე შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, საგადასახდო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, აქციზის გადასახადი 1 სმ3-ზე, 2.4 ლარის ნაცვლად, 1,5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
„არსებული მდგომარეობით, განბაჟების გაძვირების გამო კლასიკური ავტომობილების იმპორტი ვეღარ ხდება. შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის მეშვეობით აღნიშნული ტიპის ავტომობილების იმპორტი გაიზრდება, რაც, შესაბამისად, გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის კუთხით, ხოლო ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული ავტომობილების იმპორტის რაოდენობაზე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.