კირილ პეტკოვი - რუსეთი ცდილობს, თავს დაესხას ევროკავშირის დემოკრატიას, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთობლივი სტრატეგია, მხოლოდ ამის შემდეგ შესუსტდება რუსეთი და ჩვენ გავძლიერდებით
ჩვენ უნდა გვქონდეს კოორდინირებული, ერთობლივი სტრატეგია და გავაცნობიეროთ, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, ერთადერთი გზა ამ გამოწვევის დასაძლევად არის გაერთიანება, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კირილ პეტკოვმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან მადრიდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა.
„რუსეთი თამაშობს კოორდინირებულ როლს და ცდილობს, თავს დაესხას ევროკავშირის დემოკრატიას, თავისუფლებას, რათა ყველას ცალ-ცალკე გვეთამაშოს. რისი თქმაც აქ მინდა, არის ის, რომ ერთადერთი გზა ამ გამოწვევის დასაძლევად ერთად თამაშია. მაგალითისთვის, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენში შესვლა გავლენას ახდენს ორივე ქვეყნის სტაბილურობაზე, განსაკუთრებით, ბულგარეთში იმ როტაციისთვის, რომელიც მოხდება მომავალი წლის დასაწყისში. პოლიტიკური დესტაბილიზაცია ბულგარეთში გავლენას მოახდენს დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციაზე, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის კავშირის მეშვეობით. დასავლეთ ბალკანეთში პოლიტიკური დესტაბილიზაცია გავლენას მოახდენს მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებზე. ეს ასევე იმოქმედებს მიგრაციის რისკებზე. ჩვენ უნდა გვქონდეს კოორდინირებული, ერთობლივი სტრატეგია შენგენის სივრცეში და უნდა გავაცნობიეროთ, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს. ის სათითაოდ თამაშობს თითოეულ საკითხზე. ერთადერთი გზა ამ გამოწვევის დასაძლევად არის გაერთიანება. მხოლოდ ამის შემდეგ შესუსტდება რუსეთი და ჩვენ გავძლიერდებით“, – განაცხადა კირილ პეტკოვმა.