კირ სტარმერი - რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს
რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.
„რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს კონფლიქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთმა დაიწყო ეს. ისინი არიან კონფლიქტის გამომწვევები“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
ეს განცხადება სტარმერმა პუტინის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის უფლებას მისცემენ, ეს გადაწყვეტილება კონფლიქტში დასავლეთის უშუალო მონაწილეობის მანიშნებელი იქნება.
სტარმერი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, სადაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.
სტარმერმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროს არ შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს.