კირ სტარმერი - არავინ უნდა გლოვობდეს „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს, მის ხელებზე უდანაშაულო ისრაელელების და პალესტინელი ხალხის სისხლია
არავინ უნდა გლოვობდეს „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„მის ხელებზე უდანაშაულო ისრაელელების სისხლია, რომლებიც 7 ოქტომბერს მოკლეს, ასევე, პალესტინელი ხალხის სისხლი, რომლებიც ქაოსსა და ძალადობაში იტანჯებოდნენ“, – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
სტარმერი ამბობს, რომ ის კვლავ უჭერს მხარს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ რაც შეეხება მიმდინარე ომს, მისი აზრით, ამის გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიით მოხდება.
„ახლა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი. ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ყველა მძევლის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება, ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზაზე დაბრუნება“, – აცხადებს სტარმერი.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მისი თქმით, მსოფლიო აღარ მოითმენს რაიმე მიზეზებს ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით და პალესტინელ ლტოლვილთა გაერო-ს სააგენტოს უნდა მიეცეს საქმიანობის გაგრძელების უფლება.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღაზაში მოკლეს „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი. მოძრაობა „ჰამასმა“ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.