კინოთეატრ „ამირანში“ რეჟისორ გელა ბაბლუანის ახალი ფილმის “ფული” თბილისური პრემიერა გაიმართა.
ვიდრე ფილმს ქართველი მაყურებელი ნახავს ბაბლუანის ნამუშევარი რეჟისორებმა, მსახიობებმა და საზოგადო მოღვაწეებმა შეაფასეს.
„ფული“ სამი მძარცველის ამბავს მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასაც ერთ-ერთი ქურდობის დროს მომხდარი შემთხვევა ცვლის. სიყვარული, შიში, ფულის დაუნდობელი სახე და სახელმწიფო ძალაუფლების დამოკიდებულება ფულთან, ფილმის მთავარი თემებია.
სცენარის ავტორი თავად გელა ბაბლუანია, ხოლო პროდიუსერები არიან იუბერ კაილარი და დომინიკ ბუტონა („ელეკტრიკ ფილმსი“), ასევე გელა ბაბლუანის მიერ პარიზში დაარსებული კომპანია „ლე ფილმს დე ლა სტრადა“, კო-პროდიუსერები კი – „ჟერიკო“ და „ორანჯ სტუდიო“. მთავარ როლს მსახიობი გიორგი ბაბლუანი ასრულებს, ფილმში, ასევე ცნობილი ფრანგი მსახიობები ვინსენტ როტიერი, შარლოტა ვან ბერვესელი და ბენუა მაჟიმელი მონაწილეობენ.
„ვთვლი, რომ ეს არის უნივერსალური თემა, დღეს საზოგადოება არის დაყოფილი ორად, უფრო მეტად ხდება მსოფლიო მატერიალისტური და ვფიქრობ, რომ ეს სიუჟეტი ყველასთვის აქტუალურია“, – განაცხადა თბილისურ პრემიერაზე გელა ბაბლუანმა.
ფილმმა უკვე დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება. იგი ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა, ხოლო თავად რეჟისორი, ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისურისთვის” გამარჯვებულად გამოცხადდა.
ფილმის ხილვა კინოდარბაზებში ქართველ მაყურებელს 14 დეკემბრიდან შეეძლება.