თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კორონავირუსზე აცრა ჩაიტარა. ხაინდრავა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა და როგორც თავად, აცხადებს თავს კარგად გრძნობს.
„თავს ვგრძნობ მშვენივრად. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ექიმებს იმ თავდადებისთვის და ძალიან დიდი შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მე მიზანმიმართულად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გავიკეთე. ყველა მონაცემებით, ეს არის საუკეთესო წამალი, რომელიც დღეს მოგონილია ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ. ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ხალხი. ნდობა აუცილებლად ასაწევია. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რაც ჩვენ გვესმის ვაქცინების საწინააღმდეგოდ. ეს არის საზიანო ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი მშობლებისთვის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.