გოგა ხაინდრავა - არასამთავრობოები და მათი პატრონები თავიანთი საქმიანობის დაფარვას ცდილობენ, არ შეიძლება, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდე, უნდა აღიკვეთოს მათი ბოგინი, რასაც საკანონმდებლო ბაზა სჭირდება
გოგა ხაინდრავა - არასამთავრობოები და მათი პატრონები თავიანთი საქმიანობის დაფარვას ცდილობენ, არ შეიძლება, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდე, უნდა აღიკვეთოს მათი ბოგინი, რასაც საკანონმდებლო ბაზა სჭირდება

არასამთავრობოები და მათი პატრონები ცდილობენ, ყველანაირად დაფარონ თავიანთი საქმიანობა, არ შეიძლება, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდე, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავას აზრით, მათი საქმიანობის გამოსააშკარავებლად საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

„არასამთავრობო სექტორზე თუ ვსაუბრობთ, ზუსტად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ის სადაზვერვო დაწესებულებები, რომლებიც დღეს საქართველოშია. „ისფედს“, ლომჯარიას, კაპიტან გიგაურს არანაირი კავშირი არ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ეს არის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გაგრძელება. აუცილებელი არ არის, იარაღებით დარბოდნენ. რასაც ისინი აკეთებენ და ემსახურებიან, საზიანოა ამ ქვეყნისთვის და ჩვენ ამას ვხედავთ. სახალხო დამცველი (ყოფილი) რომ გამოაცხადებს, სჯობს, საქართველოში ბომბები ცვიოდეს, ვიდრე ჩვენი ღირსება შეილახოსო, ეს მეტყველებს, რას წარმოადგენენ და ვის ემსახურებიან.

შალვა პაპუაშვილმა რაც თქვა, ამის შესახებ დიდი ხანია, ვიცით და ვხედავთ. ეს არის პირდაპირ მტრულად განწყობა. ჩემი აზრით, პოლიტიკაში მეგობრობა ჩვენი მხრიდან გადამეტებულად არის აღქმული, არანაირი მეგობრობა არ არსებობს პოლიტიკაში სხვადასხვა ქვეყანას შორის, არსებობს თანამშრომლობა, ინტერესების თანხვედრა, არანაირი მეგობრობა არ არის.

საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, რაც ხდებოდა, იმას დღეს ფარდა აეხადა და ნათელი გახდა. ყველა ყველაფერს ხედავს აქაც და დასავლეთშიც. ისტერია იყო „ფარას“ კანონზე, რუსული კანონი დაარქვეს, როდესაც აბსოლუტურად ამერიკული კანონი იყო. მეტიც, ის მოდიფიკაცია, რაც საქართველოში არსებობდა, ბევრად ჰუმანური, ადამიანური იყო, ვიდრე „ფარას“ კანონი, რომელიც არის ამერიკაში. ეს ისტერია მეტყველებს, რომ არასამთავრობოები და მათი პატრონები ცდილობენ, ყველანაირად დაფარონ თავიანთი საქმიანობის არსი ქართული საზოგადოებისგან, რაც არ გამოვა, ამის დაფარვა შეუძლებელია. არ შეიძლება იმის მოთმენა, რასაც ვუყურებთ, არ შეიძლება, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდე.

პირველ რიგში, უნდა აღიკვეთოს მათი ბოგინი ამ ქვეყანაში, რასაც საკანომდებლო ბაზა სჭირდება, მაგრამ ამის წინააღმდეგობაც არის საელჩოებისა და სხვადასხვა ფონდის მხრიდან. ეწინააღმდეგებიან, რომ ეს საქმიანობა იყოს გამოაშკარავებული და, სულ მცირე, შეზღუდული. არასამთავრობოები პირდაპირ მონაწილეობენ რადიკალიზაციაში. მათ მიტინგებსა და გამოსვლებში ვხედავთ, როგორ იცავენ ადამიანებს, რლმლებსაც უკიდურესად მძიმე დანაშაულები აქვთ. მაგალითად, ლაზარეს. ასეთი ტიპის თავდასხმები ხდება სახელმწიფოზე, ინსტიტუტებზე, პრაქტიკულად, პოლიციელების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა ხდება და ამას გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან. მესამე დღეა, აზერბაიჯანში ალიევმა მოიგო, მაგრამ სამი დღეა, სალომე ზურაბიშვილი არ ულოცავს, ყველაფრით არის დაკავებული ეს ქალბატონი, გარდა იმისა, რაც პირდაპირ მისი მოვალეობაა. ევროკავშირიც კი ულოცავს ალიევს და არ ულოცავს ზურაბიშვილი.

ესენი ერთი ჯგუფია, საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ადამიანები, რომელთა ამოცანაც არის ქვეყნის მართვის სადავეები იყოს არა საქართველოში, არამედ იმ ქვეყნების ინტერესების დამცველთა ხელში, ვისაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თავის ჭკუაზე თამაში აინტერესებს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.