კინორეჟისორებმა და დოკუმენტალისტებმა სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიის შენობის დაბრუნების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს, კულტურის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მიმართეს
კინორეჟისორებმა და დოკუმენტალისტებმა სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიის შენობის დაბრუნების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს, კულტურის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მიმართეს.
საკითხში ჩართული იურისტების განმარტებით, საუბარია 2011 წელს სტუდია „რაკურსის“ მართლზომიერ საკუთრებაში არსებული, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე 212 კვადრატულ მეტრ ფართობის შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს მიერ მისაკუთრებაზე.
კერძოდ, იურისტების განცხადებით, 2011 წელს სახელმწიფომ ძალის გამოყენებით მოახდინა შენობის დარბევა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიისაკუთრა, რის შემდეგაც, მათივე განმარტებით, შენობა ჯერ თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაში გადავიდა, ახლა კი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის. საკითხზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, თუმცა ხელოვანები და იურისტები ითხოვენ, სახელმწიფოს მიერ მოხდეს საკითხის ძირფესვიანი შესწავლა და დავა მორიგების გზით დასრულდეს. რეჟისორების თქმით, სტუდიისთვის მისაღები იქნება ალტერნატიული ფართიც.
„მაშინდელმა ხელისუფლებამ, პირადად პრეზიდენტ სააკაშვილისა და თბილისის მერის, უგულავას ერთობლივი ღონისძიებით, გადაწყვიტა სტუდიის საქმიანობის შეჩერება, კინორეჟისორებისა და კინოდუკუმენტალისტების დასჯა. მოხდა სტუდიის საქმიანობის შეჩერება, თანამშრომლების შენობიდან გაყრა და დემონტაჟის წარმოება. ვითხოვთ ამავე ფართის გადმოცემას, ამავე ფართთან დაკავშირებით დათქმებით, და საქმიანობის გაგრძელებას იმავე ან ალტერნატიულ ფართში“, – განაცხადა იურისტმა, არჩილ კაიკაციშვილმა.
დღევანდელ ბრიფინგზე შენობის დაბრუნების მოთხოვნაზე ისაუბრა სტუდია „რაკურსის“ დირექტორმა, დავით ცინცაძემ.
„გვეკუთნოდა, უკანონოდ არის წაღებული და ახლა სახელმწიფოს ვთხოვთ, დაგვიბრუნეთ. ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვიბრუნებთ შენობას, რომელიც ჩვენი ხელით არის აშენებული. იქმნებოდა მართლა ღირებული ნაწარმოები. თქვენ რომ არქივს გაეცნოთ, რა მოღვაწეობას ეწეოდა, გაგიკვირდებათ“, – აღნიშნა დავით ცინცაძემ.