საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართოს,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც სასწრაფოდაა მისაღები, რათა ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ“, – აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, მან მოქალაქეებს მოუწოდა, შექმნილ ვითარებას გაგებით მოეკიდონ.

„მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, ყველას გვესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი, როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ისე ჩვენი შემოსავლებისთვის, ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ასე შემდეგ. თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ“, – განაცხადა გახარიამ.

დატოვე კომენტარი