კიმ ჩენ ინი და მაიკ პომპეო აშშ-ჩრდილოეთ კორეის მეორე სამიტის რაც შეიძლება მალე გამართვაზე შეთანხმდნენ
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აშშ-ჩრდილოეთ კორეის მეორე სამიტის რაც შეიძლება მალე გამართვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს. ამას გარდა, მხარეებმა აშშ-ის მიერ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციის პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა განიხილეს.
როგორც თავად პომპეომ განაცხადა, მისი მეოთხე ვიზიტი ფხენიანში დენუკლერიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. სახელმწიფო მდივნის თქმით, მას კიმ ჩენ ინთან კარგი და ნაყოფიერი მოლაპარაკებები ჰქონდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
კიმ ჩენ ინისა და მაიკ პომპეოს მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ფხენიანში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სეულში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს შეხვდა.
მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინმა ფხენიანში დემონტირებული ბირთვული პოლიგონის შესამოწმებლად ინსპექტორები მიიწვია.