კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაღუპულები კიევის შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს, რომელსაც ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები დაეცა, თანამშრომლები არიან.
„შევჩენკოვსკის რაიონში მორიგ გამოძახებაზე ექიმებმა ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 24 წლის გოგონას მინის ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობები ჰქონდა“, – განაცხადა კლიჩკომ.
კიევის მერმა აღნიშნა, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.