კიევში ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მომხდარი არეულობის დროს დაკავებული 37 პირიდან 33 გაათავისუფლეს. იზოლატორში ამ დროისთვის ოთხი დაკავებული რჩება, მათ შორისაა ქვედანაყოფ „თავისუფლების მგლების“ მოხალისე მებრძოლი ლუკა ჩხეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრიანის უმაღლესი რადას დეპუტატი ეგორ სობოლევი ავრცელებს.
„გრუშევსკიზე გაშლილ კარვების ბანაკში მოძრაობა „გათავისუფლების“ აქტივისტებმა გაიგეს, რომ გენადი ტრუხნაოვის მიერ დაქირავებული „დაცვის სამსახური“ სცემს საზოგადოებრივ აქტივისტებს სასამართლოზე, რომელსაც კორუფციაში ეჭვმიტანილი ოდესის მერისთვის აღკვეთი ღონისძიება უნდა შეერჩია. ბიჭები დაუყოვნებლივ გაემართნენ სასამართლოში, რომ ეს უკანონობა შეეჩერებინათ. იქ უკვე დაწყებული იყო პოლიციასთან შეტაკებები. შედეგად, 37 ჩვენიანი დააკავეს, სცემეს და ძალით გაიყვანეს კიევის შევჩენკოვსკისა და პეჩორსკის რაიონულ განყოფილებებში. ჩემი, ადვოკატების და სახალხო დეპუტატების სემიონ სემენჩენკოსა დ აპაველ კოსტენკოს მისვლის შემდეგ, 33 ადამიანი გაათავისუფლეს. ოთხი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს“, – წერს ეგორ სობოლევი.
გუშინ, კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლო ოდესის მერის გენადი ტრხანოვის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობდა. სასამართლომ ტრუხანოვი „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატის, დიმიტრი გოლუბოვის თავდებობით გაათავისუფლა.
სასამართლოს მიმდინარეობის დროს ოდესის მერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად პოლიციელი დაიჭრა. პირი კი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, დააკავეს. გარდა ამისა, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.