კიევში დღეს დაგეგმილი სამი აქციის გამო ორი ათასი სამართალდამცველია მობილიზებული
კიევის ცენტრში დაგეგმილი სამი აქციის გამო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ორი ათასი სამართალდამცველია მობილიზებული.
კიევის პოლიციის კომუნიკაციის განყოფილების განცხადების თანახმად, უკრაინის დედაქალაქში უსაფრთხოებას პოლიციელები და ნაციონალური გვარდიის სამხედროები დაიცავენ.
როგორც ცნობილია, დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით იმართება მსვლელობა „მარში იმპიჩმენტისთვის“. დღეს ასევე უკრაინის დედაქალაქში მოძრაობა „ავტო ევრო ძალა“ მანქანის რეგისტრაციის გამარტივების მოთხოვნით მართავს აქციას. ამას გარდა, კიევის პოლიცის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აქციის გამართვას ორგანიზაცია „მომავლის სახელმწიფო“ გეგმავს.
დაგეგმილი ღონისძიებები გამო, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მსვლელობის მარშრუტის შეცვლა შესთავაზეს. როგორც „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, მისი პარტიის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის მოედანზე სცენის დამონტაჟების საშუალება არ მისცეს.
3 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოძრაობა „ავტო ევრო ძალა“ კიევის ცენტრში აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით მართავს, რათა ხელი შეუშალოს „მარშს იმპიჩმენტისთვის“. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოლეგ იაროშევიჩმა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის ბრალდებები უარყო.