კიევში აქციის დროს ოცი მომიტინგე დაშავდა, მათ შორის ორი ჟურნალისტია
კიევში აქციის დროს ოცი მომიტინგე დაშავდა, მათ შორის ორი ჟურნალისტია

კიევში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკების დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეები მიწის გასხვისების შესახებ კანონს აპროტესტებდნენ. დემონსტრაციაში, რომელიც უმაღლესი რადას შენობასთან გაიმართა, რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებმა პოლიციის მისამართით ქვები და ბოთლები ისროლეს, სამართალდამცავებმა კი ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

აქტივისტების ნაწილმა რადას შენობასთან კარვების გაშლა სცადა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

არეულობის დროს დაშავდა 17 პოლიციელი, ორი ჟურნალისტი და ერთი მომიტინგე.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, სამართალდამცავებთან შეტაკება მოხდა მეტროსადგურ „არსენალნაიასთანაც“, სადაც პოლიციამ შეაჩერა ტრაქტორები, რომლებიც პარლამენტის შენობისკენ გადაადგილდებოდნენ.

აქციების ფონზე უმაღლეს რადაში დაგეგმილი სხდომა გადაიდო.

მიწის გასხვისების შესახებ კანონპროექტი, უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მოქმედი 18-წლიანი მორატორიუმის გაუქმებას ითვალისწინებს. ამ ინიციატივის ავტორი მმართველი პარტიაა.