კიევში ახალი ქართული კინოს საიუბილეო ფესტივალი დღეს გაიხსნება. ახალი ქართული კინოს XV ფესტივალი შინდისის გმირების და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. კინოთეატრ „ჟოვტენში“ ნაჩვენები იქნება დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს ეძღვნება და რომელიც წელს ოსკარის დაჯილდოების ნომინანტია.
22-27 ნოემბრის ჩათვლით, საიუბილეო კინოფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება: თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, ნინო ჟვანიას „აღლუმი“, დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი“ და თეო ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზები“, რომელიც მსოფლიო დონის დიდი ქართველ კომპოზიტორის გია ყანჩელის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.
ახალი ქართული კინოს ფესტივალი უკრაინის დედაქალაქში უკვე მე-15-ედ ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან – სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს საელჩო უკრაინაში.
ქართული კინოფესტივალი ასევე გაიმართება უკრაინის სხვადასხვა დიდ ქალაქებში: დნეპროპეტროვსკში, ხარკოვში, ოდესაში, ლვოვსა და ხერსონში.