კიევის ტელეანძაზე მიტანილი იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა
კიევის ტელეანძაზე მიტანილი იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, ტელეანძის მიმართულებით ნასროლი ერთი ჭურვი მემორიალურ კომპლექს „ბაბი იარის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიდევ ორმა რაკეტამ ტელეანძის ტრანსფორმატორი და სააპარატო დააზიანა.
მომხდარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„მივმართავ მსოფლიოს: რა აზრი აქვს 80 წლის განმავლობაში „აღარასდროს“ თქმა, თუ მსოფლიო დუმს, როდესაც ბომბი ეცემა „ბაბი იარის“ ადგილას? სულ მცირე ხუთი მოკლული. ისტორია მეორდება“, – წერს ზელენსკი.